ინდონეზია განვითარებადი ეკონომიკების გაერთიანების, BRICS-ის მეათე სრულუფლებიანი წევრი გახდა. ინფორმაციას ბრაზილია ავრცელებს, რომელიც 2025 წელს, როტაციის პრინციპით, ამ გაერთიანებას თავმჯდომარეობს.
"ბრაზილიის მთავრობა მიესალმება ინდონეზიის BRICS-ში გაერთიანებას. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა უდიდესი მოსახლეობთა და ეკონომიკით, სხვა წევრებთან ერთად გაიზიარებს ვალდებულებას გლობალური მმართველობის ინსტიტუტების რეფორმირებაზე და ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას", - ნათქვამია ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკეში.
ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინდონეზიის გაერთიანებაში გაწევრიანებას მხარი 2023 წლის აგვისტოში დაუჭირეს, თუმცა ჯაკარტამ გადაწყვტია ბლოკში ფორმალური გაწევრება გადაედო ახლადარჩეული მთავრობის საბოლოოდ ფორმირებამდე.
BRICS-ში გაწევრების აღსანიშნავად, კომუნიკე გამოაქვეყნა ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
"ეს მიღწევა აჩვენებს ინდონეზიის აქტიურ როლს გლობალურ საკითხებში და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების ვალდებულებას, რათა შეიქმნას გლობალური სტრუქტურა, რომელიც უფრო ინკლუზიური და სამართლიანი იქნება".
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით დაარსებულ ეკონომიკურ ბლოკ BRICS-ში ხუთი სახელმწიფო იყო გაერთიანებული. ორგანიზაციის სახელწოდება მისი წევრი ქვეყნების დასახელებების პირველი ასოებისგან შედგება - B – Brazil (ბრაზილია), R – Russia (რუსეთი), I – India (ინდოეთი), C – China (ჩინეთი), S – South Africa (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
2024 წელს ალიანსი გაფართოვდა და მას შეუერთდნენ ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ბლოკში გასაწევრებლად მოწვევა გაეგზავნა საუდის არაბეთს, თუმცა ჯერ თანხმობა არ განუცხადებია. თურქეთმა, აზერბაიჯანმა და მალაიზიამ ოფიციალური განაცხადები წარადგინეს ორგანიზაციაში გასაწევრებლად.
BRICS-ის ბოლო სამიტი, ყაზანში, რუსეთში, 2024 წლის ოქტომბერში და მას მასპინძლობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. სამიტზე წევრმა ქვეყნებმა განიხილეს ადგილობრივი ვალუტების გაძლიერება და ტრანზაქციების წახალისება, დოლარის გამოყენებისგან თავის ასარიდებლად. ამან აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყურადღება მიიპყრო და BRICS-ის წევრებს 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა, თუ ისინი დოლარზე უარს იტყოდნენ.
BRICS-ის წლევანდელი სამიტი ივლისში რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება.