2024 წელს საქართველოსა და მსოფლიოს ბევრი ცნობილი ადამიანი დააკლდა. მათ შორის ყველასათვის საყვარელი მწერლები, მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები თუ მუსიკოსები.
ამ წლის ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებიც გასულ წელს გარდაიცვალნენ.
ვაჟა აზარაშვილი
7 თებერვალს 87 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი.
1971 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი(1988); 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი.
მას ეკუთვნის სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, ნაყოფიერად მუშაობდა მიუზიკლისა და საესტრადო სიმღერის ჟანრში. დაწერილი აქვს შვიდი ინსტრუმენტული კონცერტი სხვადასხვა სოლო საკრავისა და ორკესტრისათვის.
იგი ავტორია 250-მდე საესტრადო სიმღერის, მათ შორის: „დინამო, დინამო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ხევსურული ბალადა“, „ისევ წვიმს“ და სხვა.
2017 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.
ხათუნა კოტრიკაძე
15 თებერვალს გარდაიცვალა მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე.
ხათუნა კოტრიკაძის დებიუტი სოსო ჩხაიძის მოკლემეტრაჟიან ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“ შედგა, შემდეგ ითამაშა ფილმებში – „მოიტაცეს თამარ ქალი“ (რეჟისორი – ლეილა გორდელაძე) და „მხიარულ რომანი“ (რეჟისორი – ლერი ხოტივარი).
ლამარა ჭყონია
14 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია.
ლამარა ჭყონია 1956-1960 წლებში, ხოლო შემდეგ 1968 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1960-1968 წლებში იყო კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.
ლამარა ჭყონია იყო გლინკას სახელობის კონკურსის (1960), პრაღის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის (1960), სოფიის საერთაშორისო კონკურსის III პრემიისა და ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის II პრემიის (1967) ლაურეატი. მიღებული აქვს თამარ მეფის ორდენი (2011), ასევე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2011).
გულიკო ჩაფიძე
20 მაისს 93 წლის ასაკში ქართველი ექიმი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.
1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა აკად. გულიკო ჩაფიძის სახელი. ამ ცენტრის გენერალური დირექტორი იყო თავად გულიკო ჩაფიძე.
ტრისტან სარალიძე
27 მაისს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე.
1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში. 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
მრავალწლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში გამორჩეულმა არტისტმა არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო, უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავი როლი შექმნა და წარუშლელი კვალი დატოვა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში.
გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში, მათ შორის, „სიყვარული ყველას უნდა“, „ბეღურების გადაფრენა“.
ლიანა ასაკიძე
5 ივლისს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე.
ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია.
1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი;
ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, სამი წლის ასაკში გახდა მევიოლინე; მისი შესრულება გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები;
ქართველი კომპოზიტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია; არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის „ღამის სერენადების“ ორგანიზატორი.
1990 წელს მან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს;
ქეთევან კიკნაძე
9 ივლისს 85 ასაკში გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე.
1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში:მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“), მარგო („პრემიერა“), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“) და სხვ.
მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 1987 – საქართველოს სახალხო არტისტი; 1987 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია; საქართველოს დამსახურებული არტისტი.
თენგიზ ცერცვაძე
პირველ აგვისტოს 76 წლის ასაკში იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა.
ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.
2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
მედეა ლორთქიფანიძე
9 აგვისტოს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე.
მსახიობა ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული მანანას როლით გაითქვა სახელი.
ზურაბ ბერიკაშვილი
13 სექტემბერს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი.
ზურაბ ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
თეატრალური სპექტაკლების გარდა, ზურაბ ბერიკაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში.
გივი შაჰნაზარი
23 სექტემბერს 91 წლისა გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი.
პირველი თარგმანები ქართულ ენაზე 1952 წელს გამოაქვეყნა. ძირითადი ნაშრომები: საიათნოვას „ლექსები“ (1972), პ. სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“ (1978), კ. ვოიტილას დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“ (2000).
გივი შაჰნაზარმა ქართულ ენაზე ააჟღერა სომეხი პოეტების − გ. ნარეკაცის, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის, ვ. ტერიანის, ჰ. შირაზის, ს. კაპუტიკიანის, ა. საჰიანის, ლექსები. შაჰნაზარი არის აფხაზური და ოსური პოეზიის მთარგმნელი, მასვე ეკუთვნის ა. პაპაიანის, პ. ზუთუნცინიანის, ჟ. არუთინიანის პიესების თარგმანები.
მიღებული აქვს ეღიშე ჩარენცისა (1998) და ივანე მაჩაბლის (1993) სახელობის პრემიები; 1998 წელს მიენიჭა ფრიტიოფ ნანსენის სახელობის საერთაშორისო პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997) და თბილისის ერთგულების ორდენით (2000). ასევე გახლავთ პრემია „საგურამოს“ (2012) და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის (2020) ლაურეატი.
ზაალ სამადაშვილი
პირველ ნოემებრს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი.
ზაალ სამადაშვილი ავტორი იყო რამდენიმე წიგნისა, მათ შორის „ბოშები“, „პლეხანოვური ამბები“ და სხვა. იგი ასევე იყო სცენარის ავტორი ფილმებისა „თემო“ და „გარსევანი“. სამადაშვილმა 2007 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია „გალა“.
ზაალ სამადაშვილი 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
გია ხარჩილავა
2 ნოემბერს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში წალენჯიხა ერთადერთი თვითმმართველი თემი იყო, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.
მისი გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის უეცარი გართულება გახდა.
2006–2010 წლებში გია ხარჩილავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
ლევან თედიაშვილი
სახელოვანი სპორტსმენი 17 თებერვალს 75 წლისა გარდაიცვალა. ვეტერანი ქართველი მოჭიდავე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიოსა და სამგზის ევროპის ჩემპიონი იყო.
ლეგენდარული სპორტსმენი ერთადერთი ქართველი მოჭიდავეა, რომელმაც დიდი საერთაშორისო ტურნირები სამ წონით კატეგორიაში მოიგო.
ის შესანიშნავი მსახიობიც იყო. 1987 წელს რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“ მთავარი როლი შეასრულა. 2021 წელს ასევე მთავარი როლი ითამაშა ლევან კოღუაშვილის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“. აღსანიშნავია, რომ მისი ნამუშევარი ტრაიბეკის კინოფესტივალზე გამოარჩიეს და მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი მიაკუთვნეს. იმავე ნომინაციაში გაიმარჯვა კოტბუსის ფილმების ფესტივალზეც.
ბაჩუკი ქარდავა
ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.