„ავერსის” კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის უფროსმა ირაკლი გახოკიძემ „რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა („ხარებამ“) მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა.
გახოკიძისვე თქმით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (მრტ) კვლევა ხარაზიშვილს დღეს, 30 დეკემბერს, შუადღის საათებში ჩაუტარდა.
„აღნიშნავდა ტკივილს მხრის სახსრის არეში. ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა. ჩაუტარდა ტომოგრაფია, შედეგები დამუშავების პროცესშია”. – თქვა მან „რადიო თავისუფლებასთან”.
ინფორმაცია, რომ ზვიად ხარაზიშვილი „ავერსის კლინიკაში” შეიყვანეს, თავდაპირველად „ტვ პირველმა” გაავრცელა. „ტვ პირველი” ელაპარაკა რადიოლოგ სოფო მიქიაშვილი, რომელმაც თქვა:
„მოტეხილობა არა, მაგრამ მყესების პრობლემაა, რამდენიმე მყესის მაღალი ხარისხის დაზიანებაა. მხრის სახსრის [პრობლემაა]”.
მისივე თქმით, დაზიანება მექანიკურად შეიძლება იყოს მიყენებული.
„ავერსის კლინიკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „პუბლიკას” უთხრეს, რომ ზვიად ხარაზიშვილმა (ხარებამ) რადიოლოგიური კვლევა ჩაიტარა და კლინიკა უკვე დატოვა.