ყაზახეთში, ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. თვითმფრინავმა კატასტროფა ქალქ აქტაუში განიცადა, სადაც ის ნისლის გამო გადამისამართდა.
ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, 28 გადარჩა.
კატასტროფის შესაძლო მიზეზებს შორისაა ფრინველთა გუნდთან შეჯახება და ტექნიკური გაუმართაობა.
თვითმფრინავი Embraer E190AR-ი ბაქოდან ადგილობრივი დროით 07:55 საათზე გროზნოს მიმართულებით აფრინდა.
როგორც რუსული სააგენტო „ტასი“ გროზნოს აეროპორტზე დაყრდნობით იუწყება, ნისლის გამო რეისი გადამისამართდა მახაჩკალაში, შემდეგ კი აქტაუს მიმართულებით. თვითმფრინავი ყაზახეთის აეროპორტის მიახლოებისას ჩამოვარდა.
ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა: 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი.
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 28 ადამიანი გადარჩა, მათგან 22 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანგისტაუს რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ გადარჩენილთა შორის არიან 11 და 16 წლის ბავშვები.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, ბორტზე აზერბაიჯანის 37, რუსეთის 16, ყაზახეთის 6 და ყირგიზეთის 3 მოქალაქე იმყოფებოდა.
კატასტროფის შედეგად თვითმფრინავი ნაწილებად დაიშალა, კუდის მონაკვეთი მოწყდა და გადაბრუნდა. როგორც ინციდენტის ამსახველი ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ჩანს, გადარჩენილები თვითმფრინავის კუდის ნაწილში იმყოფებოდნენ.