აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფედერალურ დონეზე სიკვდილმისჯილი 40 პატიმრიდან 37-ის განაჩენი უვადო პატიმრობით შეცვალა.
იმ 37 პატიმარს შორის, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტმა სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა, უმეტესობა მსჯავრდებულია ნარკოვაჭრობასთან დაკავშირებულ მკვლელობებისთვის, ციხის პერსონალის ან სხვა პატიმრების მკვლელობებისთვის.
„ვგმობ ამ მკვლელობებს, ვგლოვობ ამ საშინელი ქმედებების მსხვერპლს და ვიზიარებ ყველა ოჯახის ტკივილს, რომელმაც განიცადა წარმოუდგენელი და გამოუსწორებელი დანაკარგი. თუმცა ვხელმძღვანელობ რა სინდისით და ჩემი, როგორც სახელმწიფო დამცველის, სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვიცე-პრეზიდენტის და ამჟამად პრეზიდენტის გამოცდილებით, მე, როგორც არასდროს, მჯერა, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ სიკვდილით დასჯა ფედერალურ დონეზე. სუფთა სინდისით, მე არ შემიძლია, ვიდგე განზე და ნება დავრთო ახალ ადმინისტრაციას, აღადგინოს სიკვდილით დასჯა, რომელიც მე შევაჩერე“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
ბაიდენმა დეკემბრის დასაწყისში თითქმის 1 500 ადამიანს სასჯელი უკვე შეუმსუბუქა. მან ასევე შეიწყალა საკუთარი შვილი მიუხედავად წარსულში მისი დაპირებისა, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებდა. ჰანტერ ბაიდენი საგადასახადო დარღვევებსა და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებში იყო ბრალდებული.