ვინც დანაშაულს ჩაიდენს, გამოძიება მიხედავს, ჩვეულებრივი ამბავია - მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძის 22 დეკემბერს გაკეთებულ განცახდებასთან დაკავშირებით თქვა.
კონახიძემ აღნიშნა, რომ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება და "ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ".
მდინარაძის განცხადებით, ადამიანი თუ დანაშაულს ჩაიდენს, ის აღმოჩნდება გისოსებს მიღმა.
“გუშინ ლაპარაკობდნენ, [სალომე ზურაბიშვილს] პრემიერმინისტრი დაემუქრაო.
მე რომ გითხრათ რომელიმე თქვენგანს - თუ თქვენ ახლა გაძარცვავთ თქვენს ოპერატორს, წაართმევთ კამერას და მიისაკუთრებთ, თქვენ აღმოჩნდებით ციხეში, ეს მუქარაა? კი ბატონო, კიდევ ერთხელ დაგემუქრებით, თუ რომელიმე ადამიანს გაძარცვავთ, თქვენ ძარცვის მუხლით აღმოჩნდებით ციხეში, იყოს მუქარა მაშინ.
თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, ის აღმოჩნდება გისოსებს მიღმა - ჩვეულებრივი ამბავია. მოცემულობაა. დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს და არ აღმოჩნდება.
ხელისუფლების მითვისება კიდევ ცალკე თემაა, კონსტიტუციაში, მესამე მუხლში თუ არ ვცდები, წერია, რომ ხელისუფლების მითვისება არ შეიძლება, დაუშვებელია.
ასევე არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში არაერთი მუხლი, რომელიც მერე სხვადასხვა, როგორ, რას ჩაიდენენ, ეს თანამდებობრივი იქნება, სამოხელეო იქნება თუ პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი, ყველა შემთხვევას აქვს თავისი დამოუკიდებელი სისხლისსამართლებრივი ხასიათი.
რავიცი ახლა, თუ ჩაიდენ ასეთ დანაშაულს და აღმოჩნდები გისოსებს მიღმა, ამას ადამიანი რომ გეტყვის, მუქარა რანაირადაა, არ ვიცი. თუ მუქარაა, იყოს, თუ თქვენც ჩაიდენთ დანაშაულს, თქვენც აღმოჩნდებით, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, აუცილებლად აღმოჩნდება მართლმსაჯულებაში, გამოძიება მიხედავს მას და ბრალდებული აღმოჩნდება როგორც მინიმუმ, პირველ ეტაპზე, ჩვეულებრივი ამბავია.
მათ შორის, ზედმეტი არც ის იქნება ვთქვათ, რომ ასევე კარგადაა დასაფიქრებელი, შესამოწმებელი, არ მინდა, მითითებასავით გამომივიდეს, მაგრამ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს, აქ როგორც მინიმუმ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უნდა განიხილონ საგამოძიებო ორგანოებმა, ხომ არ არისა აქ, არის დანაშაულებრივი ნიშნები, პირდაპირი მოწოდება, რომ არ დაემორჩილოთ, არის დანაშაულებრივი მოწოდება“, - განაცხადა მდინარაძემ.