უწყვეტმა პროტესტმა, რომელმაც ასობით ათას ადამიანს მოუყარა თავი, უკვე ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ნებისმიერი გარე რეაქცია და მხარდაჭერა მეგობარი ქვეყნებისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან არის იმ პროტესტის შედეგი, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკვე 26-ე დღეა, მიმდინარეობს.
„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის 57-ე დღე მას შემდეგ, რაც არჩევნები გაიმართა 26 ოქტომბერს. თითქმის ორი თვე გავიდა და არჩევნების შედეგებს აღიარებს რუსეთის მხოლოდ რამდენიმე სატელიტი ქვეყანა. მთავარი პოლიტიკური პროცესი არის რუსთაველზე და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ყველა ის ადამიანი, ვინც გამოდის თუნდაც ნახევარი საათით, აკეთებს ძალიან დიდ საქმეს. საბოლოოდ, ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ქვეყანაში დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება და ეს ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამ ქვეყანას კიდევ აქვს შანსი, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და გავუდგეთ სამშვიდობოს ერთხელ და სამუდამოდ“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.