ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა მოვა დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვისა და საქართველოს „დასავლურ გზაზე“ დაბრუნების საკითხებზე, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატო-ში და დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა “რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვოლკერის თქმით, „ქართული ოცნების“ მოლოდინები მთლიანად მცდარია.
„ქართული ოცნების“ მოლოდინები მთლიანად მცდარია. მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ და, რომ ის ღიად „ანტიამერიკული“ განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს? ეს არასდროს მოხდება. პირიქით, ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა მოვა დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვისა და საქართველოს „დასავლურ გზაზე“ დაბრუნების საკითხებზე. გავიხსენოთ ანაკლიის პორტი - ამერიკული კომპანიები მზად იყვნენ პროექტისთვის, მაგრამ ახლა მას ჩინელები აშენებენ. იგივე ხდება აეროპორტთან დაკავშირებითაც. ამას გარდა, გახსოვთ, პრემიერ-მინისტრი ირანში, ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად იდგა, როცა ირანის პრეზიდენტს გლოვობდნენ. ამ ყველაფერზე, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ძალიან მკაცრი რეაქცია ექნება”, - განაცხადა ვოლკერმა.