ფურგონში შემაგდეს და ნახევარი საათის განმავლობაში 20-მდე ადამიანი მცემდა, ერთმა მითხრა, თუ მობილურის კოდს არ მეტყვი, ტვინს გაგასხმევინებო - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე აქციაზე დაკავებულმა მოქალაქემ, გიორგი ჩუტკერაშვილმა თქვა.
“გზაში ერთ-ერთი პოლიციელი ფეხზე მხდიდა, თან მეუბნებოდა, რა კარგი ბოტასი გაცვიაო და გამხადა. შემდეგ მიმითითეს, რომ მეორე ბოტასიც გამეხადა. გახდის პროცესში, თასმის გახსნის დროს, თან ხელებზე წიხლებს მირტყამდნენ. ღვიძლის არეშიც დამარტყეს, რაზეც სპაზმები დამეწყო. ქურთუკზეც მითხრეს, რა კარგი ქურთუკი გაცვიაო და ეგეც გამხადეს. ჩემი ჩანთაც წაიღეს.
ფურგონში შემაგდეს და დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, საშუალოდ 20 ადამიანი მცემდა. მირტყამდნენ თავის არესა და ზურგში. იარაღით მუქარაც იყო - ჩემს ტელეფონს ითხოვდნენ, რათა გაეხსნათ. იარაღით მუქარა იყო, ხელი მომკიდა და მითხრა, თუ მობილურის კოდს არ მეტყვი, ტვინს გაგასხმევინებო, ზუსტად ამ სიტყვებით. შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, სანამ ტელეფონის კოდს არ მეტყვი, გაზის კაფსულას შემოგიგდებ და სულს ამოგხდიო“, - თქვა ჩუტკერაშვილმა.
სანქცირებულმა მოსამართლემ ლელა მილდენბერგერმა, სასტიკად ნაცემი აქტივისტი სამართალდამრღვევად ცნო და გიორგი ჩუტკერაშვილი ორი ათას ლარით დააჯარიმა.