“ქართული ოცნების“ წევრის გიორგი ვოლსკის თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი კარგად დატრენინგებული და დესტაბილიზაციაზე ორიენტირებულია, თუმცა იქ არიან ადამიანები, ვისაც მართლა დააჯერეს, რომ „გარუსება“ ელით. დეპუტატის განცხადებით, სწორედ მათ მხრებზე დგანან პოლიტიკური აქტორები, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლა სურთ.
„ორგანიზებული ჯგუფია, ტრენინგები გავლილი აქვთ, სროლა, დავიდარაბა, ჯახების ორგანიზება. ეს ერთი თემაა. მაგრამ არიან ახალგაზრდები, ვისაც მართლა ჰგონიათ, რომ ბებიას „ბაბუშკას“ დავუძახებთ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება. ამათ ზურგზე შემომხტარი არიან ასე რომ ვთქვათ ვაშაძე, გვარამია, ჯაფარიძე, ახალგაზრდების ზურგზე სხედან და უნდათ მათი ენერგიით მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. არჩევნები ნამდვილად არ გაყალბებულა და ვერც გაყალბდებოდა, ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ამ პოზიციაზე დგანან ელემენტარულად უსამშობლო ადამიანები, შეთქმულები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ა.შ. სახელმწიფო უნდა მუშაობდეს გამართულად და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მანდატი, რომელიც მილიონ ასოცი ათასმა ადამიანმა მისცა, გამოიყენოს იმისთვის, რათა ეკონომიკური კარგი მაჩვენებლები არ დაეცეს, საწარმოების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ "იმედის" ეთერში.