ესტონეთი აფასებს ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.
"ესტონეთი აფასებს ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს, რადგან [ისინი] დგანან და აჩვენებენ მსოფლიოს, მაგრამ რაც მთავარია, ქართველ ხალხს, რომ ტყუილს, რომელსაც მათი [საქართველოს] მთავრობა ავრცელებს, არ აქვს მყარი საფუძველი.
ესტონეთი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში," - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა რუმინეთს, იტალიას, ესპანეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს "ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირებისა" და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვისთვის.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა მის განცხადებას "ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ ევროკავშირის შიდა დისკუსიები არასწორად და არაზუსტად იქნა წარმოჩენილი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. „ესპანეთმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებების მდგომარეობისა და სავარაუდო დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია: „საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს იტალიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ წარმოდგენილ ზომებს, მათ შორის სანქციების შეთავაზებას“.