საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეალურად, იყო წნეხი, რის გამოც რუმინეთს, ესპანეთსა და იტალიას მოუწიათ იმ პოზიციის უკან წაღება, რაც დააფიქსირეს საბჭოზე.
"რეალურად, იყო წნეხი, რის გამოც მოუწიათ იმ პოზიციის უკან წაღება, რაც დააფიქსირეს საბჭოზე, თქვენ შეგიძლიათ, ამას ტყუილი დაარქვათ, მაგრამ მე არ მინდა, ტყუილი დავარქვა. ეს მათი არჩევანი, მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ, ფაქტი არის ეს - მათ დააფიქსირეს სანქციების საწინააღმდეგო პოზიცია, კიდევ ერთხელ მადლობა მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, მერე მოუწიათ ამ გადაწყვეტილების სხვანაირად წარმოჩენა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგხსენებთ, ირაკლი კობახიძე, 17 დეკემბრის დილით მადლობა გადაუხადა რუმინეთს, იტალიას, ესპანეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს "ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირებისა" და ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვისთვის.
თუმცა, რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო უწყებებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი სრულად მხარს უჭერენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით და გმობენ საქართველოში მოქალაქეების მიმართ ძალადობას.