თქვენ ბოლოს როდესაც სტუმრობდით ევროპარლამენტს, განვიხილავდით თქვენი ქვეყნის პროგრესს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. დღეს ეს გზა საფრთხის წინაშეა, – ასე მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
მეცოლას თქმით, „ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას“.
„ეს ქმედებები იწვევს ჩვენ მიერ ბოლო წლებში ერთობლივად გადადგმული წარმატებული ნაბიჯების უკუსვლას. შექმნილ ვითარებაზე საპასუხოდ ეს პალატა გამოვიდა გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოწოდებით და ჩვენ ვიმეორებთ ამ მოწოდებას ახლა. მე ვიცი, რომ საქართველოში ბევრი შიშობს საკუთარი ქვეყნის მომავლის გამო, ასევე ვიცი, რომ ვსაუბრობ მთელი ამ პალატის სახელით, როდესაც ვეუბნები ყველა ქართველს, რომელიც იყურება ევროპისკენ მხარდაჭერისთვის, რომ ისინი მარტო არ არიან – ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და ჩვენ თქვენთან ვართ. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროპისკენ თქვენს გზაზე და ჩვენი კარი ყოველთვის რჩება ღია“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.