მივესალმები ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ყველა დამნაშავემ, მოძალადემ, გამყალბებელმა უნდა იცოდეს, რომ მათ მიმართ დემოკრატიული ქვეყნების მიერ ყველა ქმედება იქნება გამოყენებული, რათა შეწყვიტონ ძალადობა და შეეშვან ქართველი ხალხის ნების გაყალბებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, უწყვეტ პროტესტს სრული მხარდაჭერა აქვს ევროპელი პარტნიორების მხრიდან.
„დარწმუნებული ვარ, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ. ასე რომ, გავაგრძელოთ პროტესტი, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენ გვერდით დგას სრულიად დემოკრატიული სამყარო. მომავალ კვირაში, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი სიახლე ექნებათ მოძალადეებს, რომელიც მათ დაუმძიმებს ყოველდღიურ ცხოვრებას. რაც მთავარია, სისტემა აუცილებლად ჩამოიშლება და ქართველი ხალხი იზეიმებს დიდ გამარჯვებას. როგორც კი მოვიშორებთ არეულობის მომტან ივანიშვილს, ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმარი იქნება თავისუფალი“, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებტ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ესტონეთმა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, მათ შორის არის პრემიერი ირაკლი კობახიძე და ერთი მოსამართლე.