ბიძინა ივანიშვილს რუსული აზროვნება აქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა გოგლა ჟვანიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ძმამ "რეაქციაში" განაცხადა, ივანიშვილი ქართველ ხალხს არ იცნობს.
მისი შეფასებით, ოლიგარქს ეგონა, რომ არჩევნების გაყალბების, საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნის შემდეგ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაწყვეტაც შერჩებოდა, თუმცა შეცდა. საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპის კარის ჩაკეტვა ხალხმა არ აპატია "ოცნებას" და აქციები სპონტანურად დაიგეგმა.
როგორც გოგლა ჟვანიამ აღნიშნა სწორედ ხალხის რაოდენობამ გააღიზიანა ივანიშვილი და ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწყეს მომიტინგეების სასტიკი დარბევა.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ მივალთ განმეორებით არჩევნებამდე, მაგრამ ეს იქნება რთული და ხანგრძლივი ბრძოლა. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ პროცესი უახლოეს ერთ ან ორ კვირაში გადაწყდება. მზად უნდა ვიყოთ ძალიან რთული და მძიმე ბრძოლისთვის", - თქვა მან.