ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1 000 ლარამდე იზრდება. განმეორებითი სასჯელი - 500 ლარის ნაცვლად, 2 000-ლარიანი ჯარიმა იქნება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ავტორები არიან ნინო წილოსანი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი და გურამ მაჭარაშვილი. ერთპარტიულმა პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით ორი მოსმენით უკვე მიიღო.
"სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით" - წერია დოკუმენტში.
ამასთან, "სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე", აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, 500 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით დაჯარიმდება.
"ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით" - წერია დოკუმენტში.
ასევე, იცვლება ვანდალიზმის მუხლი. კერძოდ, "მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით".
აქამდე სასჯელი 300-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა. განმეორებითი სამართალდარღვევა გამოიწვევს 500 ლარის ნაცვლად 2 000-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით.