„ჩვენმა ხელისუფლებამ არასად არ გადაუხვია. იმიტომ, რომ თუ სადღაც გადაუხვია, ე.ი. სადღაც სხვაგან წავიდა. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ხელისუფლება რუსეთისკენ წავიდა, მაშინ ვიღაცამ უნდა დადოს ფაქტი რას ნიშნავს ეს. თუ ამბობენ, რომ გადავუხვიეთ ევროპის ინტეგრაციის გზას, მაშინ არგუმენტი. ინტეგრაცია შეჩერდა თუ არა საქართველოს მხრიდან, ამას ვერ დაადგენს ბატონი ჰერჩინსკი, ამას ამბობს საქართველოს პირველი პირი, რომელიც არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა და გასაგებ ქართულ ენაზე, რომ ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანა დამშვიდდეს, რომ შევწყვიტოთ შანტაჟის ჯაჭვი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს შანტაჟის ენით საუბარი საქართველოსთან და დაიწყოს საქმიანი დისკუსია. სწორედ, ამას ემსახურებოდა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯი.
„ყველგან არის ის თუ რა პირობებში ამყოფებდა ევროკავშირი ჩვენს ხელისუფლებას. მუდმივი შანტაჟისა და წნეხის ქვეშ. დაახლოებით ისეთის, რომელსაც მე ვეძახი „აცე ვიროს პრინციპს“. „აცე ვირო და მოგცემ , პატარა თივას ჩაგიდებ პირში“. შესაბამისად, ეს „აცე ვიროს“ შანტაჟი უნდა შემწყდარიყო, იმისთვის, რომ ჩვენსა და ევროკავშირს შორის დისკუსია გადასულიყო საქართველოსთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებისთვის საუკეთესო გზაზე.
ეს ხელისუფლება არსად არ მიდის იმიტომ, რომ მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა. ამიტომ ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი და ეს უნდა იყოს შანტაჟისგან დაცლილი, საქმიანი დისკუსია. ამიტომაც ითქვა ის, რაც ითქვა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.