ადამიანის უფლებათა დარღვევად უნდა ჩაითვალოს სუსი-ს დღევანდელი განცხადება, რაღაცა სცენარების დატრიალება, რომელიც მოიცავს გვამებს, არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა აღნიშვნის დღეს ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა.
"ეს დღე საქართველოში არა თუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღე არის და ასე უნდა ვახსენოთ ეს დღე და ასე დარჩება ეს დღე საქართველოს ისტორიაში. ყველანი ვინც იმაში მონაწილეობდნენ ან კიდევ მიიღებენ მონაწილეობას ამ დღეებში, ისინიც შევლენ უთუოდ საქართველოს ისტორიაში იმიტომ, რომ ქართველი ხალხი, ქართველი ერი ამას არასოდეს არ ივიწყებს და იცოდნენ, რომ ყველა გამოირკვევა, ვინ სად იყო, რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, და ყველას დავიმახსოვრებთ.
დღეს არა თუ ირღვევა, მართლა ფეხქვეშ ითელება ყველა უფლება, მშვიდობიანი აქციის ჩატარება, ცრემლსადენის გაზის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, ქიმიური ნივთიერებების გამოყენება მათ მიმართ, სპეციალური დანიშნულების რაზმების (რედ. - გამოყენება), რომლებიც არ ატარებენ არანაირ მაიდენტიფიცირებელი ნიშნებს, გამოუძიებელი საქმეები და სისტემური დაუსჯელობა იმ ადამიანების რომლებიც ახორციელებენ ამ რეპრესიებს, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას ადგილი აქვს, როგორც დაკავების დროს, და რაც უფრო ნიშანდობლივია, დაკავების შემდეგ პერიოდში, რაც არის ყველგან დაგმობილი, სახალხო დამცველმა თვითონ იხმარა სიტყვა, წამება, და ესეც შევა ისტორიაში" - თქვა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, როდესაც არ არიან არც ტიტუშკები, მშვიდობიანად ტარდება აქციები.
"ასევე, ადამიანის უფლებათა დარღვევად უნდა ჩაითვალოს სუსის დღევანდელი განცხადება. ეს რაღაცა სცენარების დატრიალება, რომელიც მოიცავს გვამებს, არის პირდაპირ ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება, იმ დროს, როცა გარეთ არის მხოლოდ მშვიდობიანი აქციები. როგორც გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა - როდესაც არ არიან არც ტიტუშკები და არც სხვები, ძალიან მშვიდობიანად ტარდება ეს აქციები და არაფერი ისეთი არ ხდება" - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა აღნიშვნის დღეს.