საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარტნიორი ქვეყნების მეთაურები ინფორმირებული არიან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მას ელჩებთან ჰქონდა შეხვედრა და "მკაფიო მესიჯი" გადასცა მათი დედაქალაქებისთვის.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან 30-ზე მეტი ინტერვიუ მისცა ხვადასხვა ევროპელ და ამერიკელ მედიის წარმომადგენლებს.
"მქონდა სადილი ელჩებთან და ყველას ძალიან მკაფიო მესიჯი გადავეცი თავიანთი დედაქალაქებისთვის, რომ დღეს წყდება არა მხოლოდ ამ ქვეყნის ბედი, არამედ ამ ვრცელი რეგიონის და ევროკავშირის პოლიტიკის ნდობის მომავალიც. იმიტომ, რომ არ შეიძლება რაღაცები ისაუბრო და დიდი განცხადებები აკეთო დღითიდღე და მერე არ იყოს ის გადაწყვეტილებები მიღებული, რაც ახდენს ნამდვილად გავლენას ქვეყნის მომავალზე და ჩვენი მოსახლეობის შემართებაზე.
ამ დღეებში, წინა კვირიდან 30 ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ევროპელ და ამერიკელ მედიის წარმომადგენლებს, სადაც ასევე ასახული არის დღევანდელი მდგომარეობა.
ამის მერე, ერთადერთი დასკვნა ის შემიძლია გამოვიტანო, ამის მერე, ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მეთაური ვერ იტყვის, რომ არ ვიცოდი. ყველამ ყველაფერი იცის - ეს იყო ჩემი მოვალეობა" - თქვა ზურაბიშვილმა.