სწორედ ასეთი უსაფუძვლო, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები აქეზებს ქვეყნის შიგნით ძალადობის თითოეულ ფაქტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „ენტონი ბლინკენმა როგორც აღნიშნა, აშშ ემზადება, გამოიყენოს მათ ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები“.
“გვახსოვს, ბატონი ბლინკენის გახმოვანებით წინა წლებში, თვეებში მიღებული გადაწყვეტილებები სანქციებზე და მსგავს საკითხებზე. სწორედ ასეთი უსაფუძვლო, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები აქეზებს ქვეყნის შიგნით ძალადობის თითოეულ ფაქტს. როცა ასე ჰაერიდან მოიტან და აგენტურის მხარდასაჭერად იღებ მსგავს უსამართლო, უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს, უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები აქეზებს ძალადობას, მათ შორის, ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში. გარდა იმისა, რომ ის არის წამსვლელი ხელისუფლების ერთ-ერთი ბიუროკრატი, მასთან იმიტომ არ გვაქვს დამატებით სალაპარაკო არაფერი, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ თავის თანამშრომლებს გამოუცხადა, კაცს – კაცი და ქალს ქალი არ დაუძახონ, ასეთ ხალხთან ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ამ საკითხთან ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული დამოკიდებულება“, – განაცხადა მდინარაძემ.