მოსამართლე ეკა არეშიძე იყო იმ მოსამართლეების შორის, რომლებმაც 29 ნოემბერს გაავრცელეს განცხადება, ივანიშვილის რეჟიმის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის 76 მუხლის მოთხოვნებს, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად.
ეკა არეშიძე იყო ხორავას ქუჩის საქმის მოსამართლე, რომლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ "საეჭვო" უწოდა. მმართველი პარტია აღნიშნავდა, რომ ეკა არეშიძემ გამოიტანა საეჭვო გადაწყვეტილება, რამაც "რევოლუციური პროცესები" განაპირობა: "მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია", - განაცხადა "ქართულმა ოცნებამ"
ეკა არეშიძემ მმართველი პარტიის ბრალდება "აბსურდულად და ღირსების შემლახავად" შეაფასა.