ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დავით კეზერაშვილის საქმეზე დაადგინა, რომ სასამართლო მიკერძოებული იყო, თუმცა დანარჩენი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო, რითაც გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ კეზერაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლი:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) პირველი პუნქტი, უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ნაკლებობის გამო.
არ დარღვეულა მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) 1-ლი და მე-3 პუნქტები, უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა სასამართლოების გამამართლებელი განაჩენის გაუქმებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სარჩელის განხილვისას უზენაესი სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვის შესატანად საკმარისი საფუძველი იყო სასამართლოს კოლეგიაში ყოფილი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის ყოფნა.
თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს არ მიუჩნევია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და მთლიანობაში პროცესის სამართლიანობის უარყოფას გამოიწვევდა.
დავით კეზერაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით 2022 წლის 17 თებერვალს მიმართა. გადაწყვეტილება დიდმა პალატამ შვიდი მოსამართლის თანხმობით გამოიტანა.
2021 წლის სექტემბერში უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა.