კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალად ედება ძალადობა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შსს ელისაშვილს ქართული ოცნების წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ედავება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.- ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.
ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს". - წერია შსს-ს განცხადებაში.