ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინების გამო ძველი დავალიანების ამოღებას ექსპერტთა ნაწილი უმართებულოდ მიიჩნევს. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი იორგ მათისი "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის დავალიანების ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა-შეჩერება შესაძლებელია. ამისთვის აბონენტმა კომპანიის რაიონულ სერვისცენტრს უნდა მიმართოს.
"ცხადია, ხანდაზმულობის ვადები მოქმედებს, თუმცა, 1999-2003 წლებში წარმოშობილი დავალიანების არსებობა, თავისთავად, ხანდაზმულობის ვადის გასვლას არ ნიშნავს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა ან შეჩერება. ამისთვის აბონენტმა უნდა მიმართოს კომპანიის რაიონულ სერვისცენტრს, სადაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევას ინდივიდუალური წესით განიხილავენ", _ აცხადებს მათისი.
მისი თქმით, ტერმინს "ძველი დავალიანება" ვიყენებთ იმისათვის, რომ ერთმანეთისგან მიმდინარე და გასული წლების დავალიანება გაიმიჯნოს.
"ზოგადად, მნიშვნელობა არ აქვს, მომსახურების საფასური რომელ წლებშია დაგროვილი - ეს მაინც დავალიანებაა".
ცნობისთვის, საქართველოს კანონმდებლობა ნებისმიერ პერმანენტულ დავალიანებებთან დაკავშირებით (წყლის, დასუფთავების, ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის) ხანდაზმულობის ვადის ამოქმედებას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა სამი წლით ხანდაზმულ დავალიანებას არ აღიარებს, სასამართლოს გზით შეეძლება მათი ჩამოწერა.