შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა.
"არც ერთი გონიერი ადამიანი, რომელმაც შეისწავლა ჰანტერის ირგვლივ არსებული ფაქტები, ვერ მივიდა სხვა დასკვნამდე - ჰანტერი გამოარჩიეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემი შვილია და ეს არასწორია", - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
ჯო ბაიდენის თქმით, გადაწყვეტილება მიიღო შაბათ-კვირას მას შემდეგ, რაც ოჯახმა მადლიერების დღე ერთად გაატარა.
მე მჯერა მართლმსაჯულების სისტემის, მაგრამ ასევე მჯერა, რომ უხეშმა პოლიტიკამ დააინფიცირა ეს პროცესი და გამოიწვია მართლმსაჯულების შეცდომა", - ამბობს ჯო ბაიდენი.
ბაიდენის თქმით, "დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, იარაღის უკანონდ შეძენისთვის, ადამიანებს სისხლისსამართლებრივად თითქმის არასდროს დევნიან".
მისივე თქმით, გადასახადების გადახდის თავიდან არიდების შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ჯარიმებითა და პროცენტებით თანხას დააბრუნებს, მასზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ იწყება.
"აშკარაა, რომ ჰანტერს განსხვავებულად მოეპყრნენ", - დასძენს ბაიდენმა.
ბაიდენი იმედოვნებს, რომ "ამერიკელები მიხვდებიან, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორც მამამ და პრეზიდენტმა".
მანამდე ჯო ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი შვილის შეწყალებას არ აპირებდა.
54 წლის ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიება 2018 წლიდან მიმდინარეობს. 2023 წელს ის დათანხმდა ბრალი ეღიარებინა გადასახადების თავის არიდებასა და იარაღის უკანონო შენახვაში.
ჰანტერ ბაიდენს ბრალი 2023 წლის დეკემბერში წაუყენეს. პროკურორის მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა 2016 წლიდან 2019 წლამდე არ გადაიხადა მინიმუმ 1,4 მილიონი დოლარის გადასახადები.
"გადასახადების გადახდის ნაცვლად, ბრალდებულმა მილიონობით დოლარი დახარჯა ექსტრავაგანტულ ცხოვრების წესზე", - ნათქვამია დოკუმენტში.
2024 წლის ივნისში ნაფიცმა მსაჯულებმა ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნეს იარაღის უკანონოდ შეძენაში. გამოძიების თანახმად, 2018 წელს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას მან იცრუა, რომ ნარკოტიკებს არ მოიხმარდა.