როდესაც გამოდიხარ და ათას ტყუილს იძახი, თან აქეთ კიდე ხელს იშვერ ჩვენკენ, მგონი, უბრალოდ უტიფრობაა და აცდენილია აბსოლუტურად რეალობას, - „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა..
მისი თქმით, გახარიას და მის პარტიას აბსურდული არგუმენტაცია აქვთ, როდესაც ამბობენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნონ, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნან.
„სამმა პოლიტიკურმა ძალამ ჩახსნა სიები, შემდგომ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ ყველა დაწერს განცხადებას მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. დღეს მოვისმინეთ აბსურდული არგუმენტაცია გახარიას და მისი პარტიის მხრიდან, რომ თურმე ეს პარლამენტი არალეგიტიმურად უნდა ცნოს, მაგრამ სიები არ უნდა ჩახსნას. ერთადერთი რამ, რაც დღეს ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია არალეგიტიმურად ცნობის გზისთვის, ეს არის სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა. სხვა ყველა არგუმენტი არის ტყუილი და ფუჭი. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მორჩა უკვე ამდენი შეგონებები პრესკონფერენციებიდან, რაღაცის ვითომ „ნაცმოძრაობისთვის“ დაბრალება და ა.შ. პირდაპირ ვამბობ, რომ დღეს იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა საერთაშორისო მასშტაბით იყოს შენარჩუნებული, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოპოზიციურმა ჯგუფმა გააკეთოს კონკრეტული გადაწყვეტილება, გააუქმოს სიები და გააუქმოს საკუთარი მანდატები. ამით ყველა პოლიტიკური ჯგუფი სამართლებრივ კავშირს წყვეტს თვითმარქვია, თვითგამოცხადებულ დაჯგუფებასთან „ქართული ოცნების“ სახით. ამ სამართლებრივი კავშირის გაწყვეტა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორების პოზიცია და გაძლიერდეს საზოგადოებაში ეს პოზიცია. ხალხი ნამდვილად ითხოვს ამას, რომ გავწყვიტოთ ყველანაირი კავშირი თვითგამოცხადებულ რეჟიმთან, რომელიც დღეს საქართველოშია. როდესაც გამოდიხარ და ათას ტყუილს იძახი, თან აქეთ კიდე ხელს იშვერ ჩვენკენ, მგონი, უბრალოდ უტიფრობაა და აცდენილია აბსოლუტურად რეალობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.[პირველი არხი]