აქციებთან დაკავშირებით რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, მაგრამ წინასწარ არ ვიტყვით, კონსულტაციები გაგრძელდება, სავარაუდოდ, „ჩათებშიც“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ვიმსჯელეთ იმ პრინციპულ საკითხზე, რაზეც აქამდე ბევრჯერ გვისაუბრია. ვიმსჯელეთ საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაზე, სრული თანხმობა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ვიმსჯელეთ, როგორი უნდა იყოს კოორდინაცია; მეორე საკითხი არის აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა, ცალსახად ვთანხმდებით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მივცეთ. ვიმსჯელეთ აქციებზე, რაზეც ბევრი ვისაუბრეთ, რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ წინასწარ არ ვიტყვით. კონსულტაცები დღეს ღამეც, ხვალაც გაგრძელდება, სავარაუდოდ, „ჩათებშიც““, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.