პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთის ბოლო თავდასხმა უკრაინაზე ადასტურებს სატელეფონო დიპლომატიის არაეფექტურობას. ამის შესახებ ტუსკი X-ზე წერს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სატელეფონო დიპლომატია ვერ ჩაანაცვლებს უკრაინის ნამდვილ მხარდაჭერას მთელი დასავლეთისგან.
„პუტინს სატელეფონო ზარებით ვერავინ შეაჩერებს. წუხანდელმა, ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა თავდასხმამ ამ ომში, დაამტკიცა, რომ სატელეფონო დიპლომატია არ არის უკრაინის რეალური მხარდაჭერის შემცვლელი მთელი დასავლეთის მხრიდან.
მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ომისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც“, - აღნიშნა ტუსკმა.
17 ნოემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ენერგეტიკის სექტორის ობიექტებზე ერთობლივი შეტევა 210 რაკეტით და უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელეს, საიდანაც 144 განადგურდა.
შეგახსენებთ, 15 ნოემბრის ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ორი წლის განმავლობაში ვლადამირ პუტინს პირველად ესაუბრა. ზელენსკიმ ამ სატელეფონო ზარს "პანდორას ყუთი" უწოდა.