ცესკო-ში განხორციელებული თავდასხმა არ არის მხოლოდ გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის იმ ბოროტი სცენარის შემადგენელი ნაწილი, რასაც ჰქვია ძალადობრივი დამხობისათვის წინაპირობების მომზადება. რევოლუციური სცენარის ნაწილია, წინასწარ განზრახვით მოხდა და არავითარი საფუძველი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„არავინ დაიჯეროს, რომ ის უნიათო ხმამაღალი ყვირილით განთქმული გიორგი ვაშაძე ამ განცხადებას აკეთებს რაღაც ემოციური აფეთქებიდან გამომდინარე, თითქოს აღშფოთებულია არჩევნების გაყალბებით, რაც არ მომხდარა რეალობაში. ეს არის გეგმა, როგორმე გამოიწვიონ საპირისპირო ქმედებები. ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. როგორ შეიძლება, გამოძიების დაწყება გააპროტესტო, როცა ადამიანმა წინასწარი განზრახვით ჩაიდინა დანაშაული. ფაქტია ამ დაპირისპირების ხარისხის მაღალ დონეზე აწევა, რომელზეც მიანიშნებდა სააკაშვილი. ზოგადად, „ნაცმოძრაობის“ ამოცანა ეს არის და ამ ამოცანის შესრულებას ემსახურებოდა გაურკვეველი წარმოშობის სითხის გამოყენება ცესკო-ს სხდომაზეც“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.
შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.