26 ნოემბერს, 11:00 საათზე გერმანიის ელჩი საქართველოში პატრიცია ფლორი; ასევე საქართველოს ლტოლვითა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი და ქეა კავკასიაში საერთაშორისო მისიის დირექტორი ჯონათან პადიფუტი ესტუმრებიან გორის რიონის სოფელ კვარხეთს, სადაც გაიმართება სათბობი შეშის გადაცემის ცერემონიალი.
გერმანიის საელჩოს გრანტით (50,000 ევრო), ქეა საერთაშორისო კავკასიაში საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას უზრუნველყოფს საბაზისო საყოფაცხოვრებო პირობებით. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს კონფლიქტის ზონის მიმდებარედ სამ სოფელში (კვარხეთი, ფაბრიკის დასახლება და სათბურის დასახლება) მცხოვრები 334 ოჯახის დახმარებას. თითოეული ოჯახი 3 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს. ასევე სათბობი შეშა გადაეცემა 11 სოფლის კლუბებსა და კულტურულ სახლებს. ეს სოფლებია: ნიქოზი, ტყვიავი, მეჯვრისხევი, ქიწნისი, ძევერა, შავშვები, ხიდისთავი, ახალხიზა. პროექტი ხორციელდება 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე.
"შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, თითქმის ყველა ოჯახი ახლომდებარე ზონაში თანაბრად მოწყვლადი გახდა. ამ ადამიანების დასახმარებლად ქეამ და გაეროს უმაღლესი კომისარიატის ოფისმა დევნილთა საკითხებში (UNHჩღ) დაიწყო საწვავი შეშის დარიგება მიზნობრივ სოფლებში," - ამბობს ჯონათან პადიფუტი, ქეა საერთაშორისო კავკასიაში მისიის დირექტორი.
2008 წლის აგვისტოს შემდეგ ქეა დაეხმარა ათობით ათას ადამიანს, რომლებიც ხანმოკლე დევნილობის შემდეგ საკუთარ დაზიანებულ და დანგრეულ სახლებს დაუბრუნდა. ქეამ ააშენა 192 ერთ-ოთახიანი თბილი კოტეჯი და ოთახების რეაბილიტაცია მოახდინა გორისა და ქარელის რაიონის 12 სოფელში. ამ სოფლების უმრავლესობამ ასევე მიიღო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შეშა, ჰიგიენური ნივთები, სამზარეულო და საძილე მოწყობილობები. შიდა ქართლის სოფლებში და ქეას სხვა პროექტების ფარგლებში ასევე განხორციელდა ცხოველთა საკვების, სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარული კონსულტაციები, და აშენდა ცხოველთა სარწყულებლები.