ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ცესკო აქვეყნებს „სმარტმატიკისგან“ მიღებული წერილს, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერი, რეალურად, საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ აღნიშნული კომპანიისგან მიიღო.
„დაინტერესებული მხარეები კვლავ აგრძელებენ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ბიულეტენის შესავსებ მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულაციას. საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები „სმარტმატიკმა“ მოგვაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და, მათ შორის, მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. ამის მიუხედავად, პოლიტიკოსები საზოგადოებას კვლავ არწმუნებენ, რომ ცესკო-მ მარკერები შეცვალა, რაც არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებას წარვუდგინოთ კომპანია „სმარტმატიკისგან“ მიღებული წერილი, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერი, რომელსაც პოლიტიკოსები საზოგადოებას უჩვენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ცესკო-ს მიერ იყო შეცვლილი, რეალურად, საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ „სმარტმატიკისგან“ მიიღო",- აცხადებს ცესკო.