"ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში ცესკო და პროკურატურა ასუფთავებენ გაყალბებულ არჩევნებს. ეს არის “ქართული ოცნების”, თანამედროვე კომუნისტური პარტიის მმართველობა", - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ პროკურატურის მიერ საარჩევნო აპარატის დაყადაღებაზე.
"პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში ცესკო და პროკურატურა ასუფთავებენ გაყალბებულ არჩევნებს. ზუსტად აქედან გამომდინარე გუშინ ჩვენ დავაყენეთ სასამართლოზე შუამდგომლობა, რომ შეეჩერებინა სასამართლოს საქმის განხილვა, სანამ პროკურატურა გამოძიებას არ დაასრულებდა და ამაზეც უარი გვითხრეს, რადგან როდესაც წვდომა არ აქვს სასამართლოსაც კი იმ დოკუმენტებზე, რომელიც დალუქულია, შეუძლებელია სასამართლომ თქვას, რომ ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას იღებს. ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა ჩაერთო და გააჩერა დოკუმენტაციაზე წვდომა ნებისმიერი უწყებისთვის, ამიტომ ეს არის უბრალოდ “ქართული ოცნების”, თანამედროვე კომუნისტური პარტიის მმართველობა, დიქტატურა, რომელშიც ჩართული ჰყავთ ხელისუფლების ყველა შტო", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში დააყადაღა საარჩევნო აღჭურვილობა, რომელშიც ამომრჩეველთა სიები ინახებოდა.