ხვალ, 27 ნოემბერს, ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, პლატონ იოსელიანის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 134 წელი შესრულდება.
პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანი 1809 წლის 27 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 1835 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. შემდეგ მუშაობდა თბილისის სემინარიაში ფილოსოფიისა და ფიზიკის მასწავლებლად. 1845-1856 წლებში რედაქტორობდა რუსულ პერიოდულ გაზეთს "ზაკავკაზსკი ვესტნიკს", რომელიც თბილისში გამოდიოდა. ამ გაზეთში იოსელიანმა თავისი გამოკვლევები გამოაქვეყნა. 1849 წელს იმოგზაურა საბერძნეთში, მოინახულა ათონის ივერთა მონასტერი, შეისწავლა ქართული კულტურის ძეგლები. იოსელიანი იყო ათენის არქეოლოგთა საზოგადოების ნამდვილი წევრი. აქტიურად თანამშრომლობდა და კორესპონდენციებს გზავნიდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში. მჭიდროდ იყო დაკავშირებული აკადემიკოს მარი ბროსთან. 1860-1875 წლებში გამოსცა ქართველოლოგიური პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრავალი ათეული ნაშრომი.
პლატონ იოსელიანი თავის დაბადების დღეზე, 1875 წლის 27 ნოემბერს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსოფლმხედველობით იოსელიანი იდეალისტი იყო. მისი აზრით, ისტორიის პროცესს წარმართავდა უზენაესი განგება. კაცობრიობის ისტორიას იოსელიანი 3 დიდ პერიოდად ყოფდა: გვაროვნულ ანუ პირველყოფილ-თემურ, ფეოდალურ და კაპიტალისტურ წყობილებებად. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს ქალაქების ისტორიის შესწავლას, მათი წარმოშობის პრობლემებს. იოსელიანს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების შესწავლასა და გამოცემაში. გამოსცა ჩახრუხაძის "თამარიანი" (1838), იოანე შავთელის "აბდულმესიანი" (1938), იოსებ თბილელის "დიდმოურავიანი" (1851), ტიმოთე გაბაშვილის "მიმოსვლა" (1852), ანტონ I-ის "წყობილსიტყვაობა" (1853), არჩილ II-ის "თეიმურაზიანი" (1853) და სხვა. 1850 წელს მისი წინასიტყვაობით გამოვიდა გიორგი ერისთავის "გაყრა". იოსელიანი ანტონ I-ის ლიტერატურული სკოლისა და ენობრივი პოზიციის მიმდევარი იყო, რაც გამოვლინდა მის თხზულებაში "პირუჱლ-დაწყებითი კანონნი ქართულისა ღრამატიკისა" (1840). "მამებისა" და "შვილების" ბრძოლის დროს იოსელიანი "მამათა" ბანაკს ემხრობოდა. ძველი თაობის წინააღმდეგ მიმართულ "გამოცანებში" (1871) ილია ჭავჭავაძემ სხვა მოღვაწეთა შორის იოსელიანიც გაკენწლა.
ისტორიის საკითხების გაშუქებისას იოსელიანი მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა ფოლკლორულ მასალას, კრებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. იგი ქართული გამოცანების პირველ ჩამწერად ითვლება. შეადგინა კრებულები "გამოცანანი ქართულნი" (1835) და "ანდაზები და გამოცანები" (1939).