აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვადის დასრულებამდე, დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების ფონზე უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრებს. ამის შესახებ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
სალივანმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიდგომა „იგივე რჩება, როგორც ეს იყო ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში: ბრძოლის ველზე უკრაინის ყველაზე ძლიერ პოზიციაზე ყოფნა, რათა მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია ჰქონდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“.
ბაიდენის მრჩეველმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაცია შეეცდება გამოიყენოს კონგრესის მიერ გამოყოფილი ყველა რესურსი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის მისი ვადის დასრულებამდე.
„და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ბაიდენს ექნება შესაძლებლობა მომდევნო 70 დღის განმავლობაში დაუმტკიცოს კონგრესს და ახალ ადმინისტრაციას, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მიატოვოს უკრაინა, რომ უკრაინის მიტოვება ნიშნავს კიდევ უფრო მეტ არასტაბილურობას ევროპაში“, - დასძინა მან.
ამავდროულად, სალივანს არ უთქვამს იქნება თუ არა რაიმე კონკრეტული საკანონმდებლო წინადადება დაფინანსების შესახებ.
„პრეზიდენტი ბაიდენი შეეცდება დარწუნებას, რომ ჩვენ გვჭირდება უკრაინისთვის რესურსები მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, რადგან საფრთხე უკრაინისთვის დარჩება, იმის მიუხედავად, რა მოხდება ბრძოლის ველზე თუ მოლაპარაკების მაგიდასთან“, - თქვა სალივანმა.