ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის არ დასწრება საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ ბელორუსის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მიწვევის შეფასებისას აღნიშნა.
"ის რომ საქართველოს პრეზიდენტი ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე არ არის მიწვეული, ამაში რუსეთის გავლენა შეინიშნება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინსკსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთობა გართულდა. ამის პარალელურად კი 2010 წლის ბოლოს რუსეთს, ბელორუსსა და ყაზახეთს შორის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შესახებ მოლაპარკებები აქტიურად დაიწყო. რაც იმას მიანიშნებს, რომ მოსკოვის მხრიდან მინსკზე ზეწოლა კვლავ გრძლდება", - აღნიშნა ჩიტაძემ.
მისივე შეფასებით, მაშინ, როდესაც დემოკრატიულმა სამყარომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნები ცნობილი მოვლენების გამო დაგმო, ერთის მხრივ კარგიც არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ინაუგურაციას არ დაესწრება.
"ბელორუსს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა აქვს და ამის შენარჩუნებას შეეცდება, თუმცა რუსული პათოსის გათვალისწინებული მაინც იქნება. ამიტომ, მაშინ, როდესაც დემოკრატიულმა სამყარომ ბელრუსის საპარეზიდენტო არჩევნები დაგმო, პრეზიდენტ სააკაშვილის ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე არ დასწრება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამაება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჩიტაძემ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელორუსელი კოლეგის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას არ დაესწრება.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი მოწვევა ადმინისტრაციაში არ შესულა.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები დეკემბერში ჩატარდა. ახალი ვადით არჩეული ძველი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია 21 იანვარს გაიმართება.