საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებულ ისრაელის მოქალაქეებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების უფლება სასამართლო განხილვის დამთავრებამდე არ აქვს.
"პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იქამდე, სანამ სასამართლო პროცესი არ დასრულდება, მას ებრაელ ბიზნესმენებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს და აღნიშნულ კონტექსტში, არ დააკონკრეტა, შედგა თუ არა ამ საკითხზე სატელეფონო საუბარი ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესსა და მიხეილ სააკაშვილს შორის.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ებრაელი ბიზნესმენების გათავისუფლება პერესმა სააკაშვილს სატელეფონო საუბრისას პირადად მოსთხოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს ოფიციალური იერუსალიმი, რასთან დაკავშირებითაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყებას ოფიციალური წერილი უკვე გამოუგზავნა. გრიგოლ ვაშაძის სახელზე დაწერილ წერილში ნათქვამია, რომ ებრაელი ბიზნესმენების დაკავება "უსაფუძვლოდ" მოხდა.
როგორც ცნობილია, ისრაელის მოქალაქეები, ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.