გერმანიაში მმართველი „შუქნიშნის კოალიციის“ დაშლის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოთქვა მზადყოფნა კომპრომისული გადაწყვეტილების მისაღებად ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით.
”ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს თარიღი რაც შეიძლება მშვიდად,” - თქვა მან ევროპული საბჭოს არაფორმალურ სამიტზე ბუდაპეშტში.
შოლცის თქმით, ბუნდესტაგის ფრაქციებს შორის დისკუსიისას კანონპროექტების დამტკიცების საკითხებზე, რომლებიც უნდა მიღებულ იქნეს არჩევნებამდე, ასევე შეიძლება მოიძებნოს პასუხი კითხვაზე მთავრობის ნდობის საკითხის კენჭისყრისთვის შესაფერისი დროის შესახებ.
კოალიციაში მყოფი პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა გუშინ საღამოს გაიმართა და ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება. FDP-ს ლიდერმა და ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა კანცლერ ოლაფ შოლცს ვადამდელი არჩევნების იანვარში ჩატარება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ კი შოლცმა ლინდნერი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პარტიებს შორის უთანხმოებამ პიკს ოქტომბერში მიაღწია, როდესაც ლინდნერმა კოალიციის დანარჩენ წევრებს საკუთარი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტი წარუდგინა. ლინდნერმა ეკონომიკური შემობრუნება და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფუნდამენტური გადახედვა მოითხოვა, რაც, მათ შორის, კომპანიებისთვის გადასახადების შემცირებას, კლიმატის რეგულაციების შემსუბუქებასა და სუბსიდიებისა და სოციალური შეღავათების შემცირებას მოიცავდა.
ლინდნერის მოთხოვნებს სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ისინი საუბრობდნენ, რომ FDP-ს ლიდერის ინიციატივა პროვოკაციული იყო და ის ცდილობდა, რომ კანცლერის მიერ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება გამოეწვია.
სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები 2021 წელს დაასრულეს და ხელისუფლებაში "შუქნიშნის კოალიციის" სახელით მოვიდნენ. სახელწოდება პარტიების ლოგოების ფერებიდან - წითელი, ყვითელი და მწვანე - გამომდინარეობს.