კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც მისი თქმით, მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და “აქტიური როლი შეასრულონ არჩევნების, როგორც დემოკრატიული ინსტრუმენტის დაბრუნებაში“.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი – “დაიცავი შენი ხმა, ვითხოვ ახალ არჩევნებს“, სადაც განთავსდება სამართლებრივად დასაბუთებული მიმართვის ფორმები, როგორც ემიგრანტებისთვის, ისე საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
“ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას 26 ოქტომბერს მიტაცებული არჩევნების დასაბრუნებლად და ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონიერ საშუალებას. მინდა, გაგაცნოთ ახალი ინიციატივა, რომელიც თითოეულ თქვენგანს შესაძლებლობას მისცემს, რომ აქტიური როლი შეასრულონ მიტაცებული არჩევნების მიამრთ მკაფიო მიუღებლობის დაფიქსირებაში და აქტიური როლი შეასრულონ არჩევნების, როგორც დემოკრატიული ინსტრუმენტის დაბრუნებაში, ამ ქვეყანაში. ეს ინიციატივა თითოეულ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას ოფიციალური განაცხადით მიმართოს ცესკოს და მათგან იმ ნაბიჯების გადადგმა მოითხოვოს, რომელიც მას ევალება, თუმცა აქამდე ჯიუტად არ დგამდა, ჩვენი მიმართვის საფუძველზე. “ძლიერმა საქართველომ“ თანამოქალაქეების და ემიგრანტების მიმართვის საფუძველზე შევიმუშავეთ, მათი იდეები დავამუშვეთ სამართლებრივად.
ფეისბუქ პლათფორმაზე შეიქმნა ჯგუფი, თითოეულ მსურველს შეუძლია გაწევრიანდეს ამ ჯგუფში, სადაც ჩვენ ყოველდღიურად მოგაწვდით ინფორმაციას მათ შორის ეს ორი ინსტრუმენტი განთავსდება ამ ჯგუფში, ეს არის განცხადების ფორმის მქონე, საქართველოს კანონმდებლობაზე დაფუძნებით შექმნილი ორი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც თქვენ შეგეძლებათ.
პირველი, არის მომზადებული ემიგრანტებისთვის, რომ ემიგრანტებმა მიმართოთ ცესკოს, რომ დაადასტუროთ რომ არ მოგეცათ შესაძლებლობა, მიგეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, არაერთი მტკიცებულების და გავრცელებული ფაქტის საფუძველზე არსებობს გაშიფრული სქემა, რომ სწორედ თქვენი მონაცემები იყო გამოყენებული მრავალჯერადად არჩევნების მოპარვისთვის. მიმართოთ ცესკოს და მოითხოვოთ მათგან გასაჯაროვდეს ვერიფიკაციის ქვითრებში ხომ არ არის თქვენი მონაცემები ბოროტად გამოყენებული.
მეორე ინსტრუმენტი, ეს არის მეორე განაცხადის ფორმა, რომლითაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ცესკოს გავრცელებულ და საჯაროდ ნანახ კადრებზე დაფუძნებით განაცხადოთ რომ, ვინაიდან დაირღვა არჩევნების ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი - ხმის ფარულობა, დაირღვა თქვენი უფლება, როგორც საქართველოს მოქალაქის და შესაბამისად მოითხოვოთ რომ ბათილად იქნეს ცნობილი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და მოითხოვოთ ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.
ამ ინსტურმენტებს განვათავსებთ პლათფორმაზე “დაიცავი შენი ხმა”, #ვითხოვახალარჩევნებს, ასე შეგიძლიათ მოძებნოთ ეს ჯგუფი, შემოუერთდეთ ჯგუფს, ნებისმიერი კითხვა, იდეა , საკითხი, რომელიც ამ კამპანიას დაუკავშირდება დასვათ ამ ჯგუფის მეშვეობით. ყველანაირ სამართლებრივ საკითხს ჩვენ მოვაგვარებთ, მთავარია თქვენ ჩაერთოთ აქტიურად ამ პროცესში. ამ ორი ინსტრუმენტის მეშვეობით დააფიქსიროთ მიუღებლობა მიტაცებული არჩევნების მიმართ და ერთად გავაგრძელოთ ახალი არჩევნების მოთხოვნა“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.