აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დაახლოებულმა საგარეო პოლიტიკის მრჩევლებმა წარმოადგინეს უკრაინაში ფრონტის ხაზის ეფექტიანად გაყინვის გეგმის სხვადასხვა ვერსია. იუწყება The Wall Street Journal
მრჩევლებმა ტრამპს შესთავაზეს უკრაინაში ომის გაყინვა, ნატო-ში გაწევრიანების პროცესი, სულ მცირე, 20 წლით შეჩერება და უკრაინის ფინანსური დახმარება.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მოკავშირეები ამბობენ, რომ სინამდვილეში მას კონკრეტული სამშვიდობო გეგმა არ დაუმტკიცებია, მათ შორის, არც ის, თუ როგორ დაარწმუნებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, დასხდნენ ერთ მაგიდასთან და მოლაპარაკება გამართონ
საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი აკრიტიკებდა ჯო ბაიდენის პოლიტიკას უკრაინასთან დაკავშირებით და აფრთხილებდა, რომ ამან მესამე მსოფლიო ომი უფრო სავარაუდო გახადა და რომ კიევმა გაყვლიფა აშშ მილიარდობით დოლარის იარაღის უფასოდ მოპოვებით. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეეძლო კონფლიქტის სწრაფად მოგვარება ორივე მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანით, მაგრამ არ გაუმხელია, როგორ გააკეთებს ამას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ როგორც ტრამპის პირველი ვადის დროს, სხვადასხვა ფრაქცია შეეცდება საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოსაპოვებას.
უფრო ტრადიციული მოკავშირეები, როგორიც არის მაიკ პომპეო, ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რომელიც ახლა იბრძვის პენტაგონის სხელმძღვანელობისთვის, სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ საკითხის ისეთ დარეგულირებას, რომელიც მოსკოვს დიდ გამარჯვებას არ მოუტანს.
სხვა მრჩევლებმა, როგორიცაა რიჩარდ გრენელი, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოსტზე მთავარი კანდიდატია, შესაძლოა პრიორიტეტულად მიიჩნიოს ტრამპის სურვილი, დაასრულოს ომი სწრაფად, თუნდაც ეს ნიშნავდეს კიევის იძულებას დათანხმდეს მნიშვნელოვან დათმობებს.
ყველა შეთავაზება განსხვავდება ბაიდენის მიდგომისგან, რომ კიევს ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს, თუ როდის უნდა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. სანაცვლოდ, ყველა მათგანი ითვალისწინებს ომის გაყინვას, რაც ნიშნავს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, დაახლოებით, 20%-ის მიტაცების გამყარებას და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დროებით შეჩერების რეკომენდაციას.
გამოცემა ტრამპთან დაახლოებულ სამ პირზე დაყრდნობით წერს, რომ მისი გარდამავალი ოფისის მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი იდეა გულისხმობს კიევის დაპირებას, არ შეუერთდეს ნატო-ს, სულ მცირე, 20 წლის განმავლობაში. სანაცვლოდ, აშშ გააგრძელებს უკრაინის იარაღით მომარაგებას რუსეთის მომავალი თავდასხმის შესაკავებლად.
ასევე ფრონტის ხაზი დაფიქსირდება და ორივე მხარე შეთანხმდება 800 მილის დემილიტარიზებულ ზონის შექმნაზე. გაურკვეველია, ვინ გააკონტროლებს ამ ტერიტორიას, მაგრამ ერთ-ერთმა მრჩეველმა თქვა, რომ სამშვიდობო ძალები არ დაკომპლექტდება არც ამერიკული და არც აშშ-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციის ძალებით, როგორიცაა გაერო.
„ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ წვრთნა და სხვა მხარდაჭერა, მაგრამ იარაღი ევროპული იქნება. ჩვენ არ გავგზავნით ამერიკელ კაცებსა და ქალებს უკრაინაში მშვიდობის დასაცავად და ჩვენ არ გადავიხდით ამისთვის, ეს პოლონელებმა, გერმანელებმა, ბრიტანელებმა და ფრანგებმა გააკეთონ“, – თქვა ტრამპის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, ამ სტრატეგიებიდან რომელს განახორციელებს ტრამპი.
აღნიშნულია, რომ მსგავსი გეგმები მკაცრ წინააღმდეგობას შეხვდება აშშ-ს ზოგიერთი ნატოელი მოკავშირის მხრიდან, რომლებიც რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ განიხილავენ, როგორც უშუალო საფრთხეს მათი ქვეყნებისთვის და ასევე უკრაინაში, სადაც ტერიტორიების დათმობა აღიქმება როგორც კაპიტულაცია მოსკოვის წინაშე.