"ქრისტიან-დემოკრატები" ყაზბეგის გამზირზე ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის დადგმას მოითხოვენ. ისინი ძეგლისთვის სავარაუდო ადგილად ამავე გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღს განიხილავენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, 20 იანვარს ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა. ქრისტიან-დემოკრატებმა მოხევეებთან ერთად გადაწყვიტეს, რომ თბილისელებს დიდი პროზაიკოსის ძეგლის დადგმა შესთავაზონ. ამასთან, 2013 წელი ალექსანდრე ყაზბეგის მრგვალ თარიღს ემთხვევა, ამიტომ ამ რიცხვამდე უნდა მოესწროს ძეგლის დადგმა.
ჯაბა სამუშიას თქმით, ჯერ კიდევ 2002 წელს თბილისის კულტურის იმდროინდელმმა სამსახურმა ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლისთვის კონკურსი გამოაცხადა, სადაც მოქანდაკე გიორგი თექთურმანიძის ესკიზმა გაიმარჯვა. მოქანდაკის ესკიზი კულტურის სამინისტროს ძეგლთა და მონუმენტურ სამეცნიერო საბჭოს გადაეცა. 2003 წლის 26 თებერვლის დასკვნის მიხედვით კი, სპეციალიზირებულმა საბჭომ მოიწონა თექთურმანიძის ესკიზი. თუმცა ამის შემდეგ ქალაქის მთავრობამ მისი არსებობა დაივიწყა.
"ჩვენი მიზანია, 2003 წლის დასკვნის საფუძველზე, ამ ძეგლის აღსამართად მზადება დავიწყოთ,"_აღნიშნავს სამუშია.
მისი თქმით, ალექსანდრე ყაზბეგი არა მარტო ქართველი, არამედ ჩრდილოკავკასიელი ხალხის_ინგუშების, ჩეჩნების, ოსების საყვარელი მწერალიცაა.
"სირცხვილია, თბილისში ყაზბეგის ძეგლი არ გვქონდეს და ამ დროს პოლიტიკური ნიშნით ძეგლები დავუდგათ ცალკეულ ადამიანებს. მეტიც, ბუდას ქანდაკებაზე ვსაუბრობდეთ,"_აღნიშნა სამუშიამ.
მისი თქმით, ძეგლისთვის აუცილებელი ბრინჯაოს 50-60% უკვე მოძიებულია. ამასთან, გიორგი თექთუმანიძე, როგორც მოხევე, მზადაა, უანგაროდ დაამზადოს ქანდაკება.
''"ქრისტიან-დემოკრატები" ამ თხოვნას საკრებულოს თავმჯდომარესა და დედაქალაქის მერს ხუთშაბათს ოფიციალურად წარუდგენენ.