„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ დონალდ ტრამპს გამარჯვებას. პირველი, სხვათა შორის, ბიულეტენები იქ, აშშ-ში არ ჟონავდა. ჩვენ ვართ ერათადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომლის წარმომადგენელი, თინა ბოკუჩავა, იყო წარმოდგენილი დონალდ ტრამპის კანდიდატად წარდgენის დროს. ვიდრე აქ მოვიდოდი, ცოტა დამაგვიანდა, რადგან დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს ვესაუბრე, მივულოცე ეს გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, აშშ იქნება საქართველოს გვერდით; დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩადენილ სისტემურ დანაშაულს, არჩევნების სახელწოდებით, ექნება შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, დონალდ ტრამპისa და მისი გუნდის მხრიდან. ამერიკა სისტემურად უდგება თანამშრომლობას საქართველოსთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვულოცავ. ძალიან სერიოზული გამარჯვება მოიპოვა მან და დარწმუნებული ვარ, რომ, მათ შორის, ჩვენს რეგიონში ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.
თინა ბოკუჩავა იყო მიწვეული პირადად ტრამპის კანდიდატად წარდგენის დროს. მე იქ არ მინახავს არცერთი „ქოცი“ წარმომადგენელი, რადგან ჩვენ ორივე პარტიასთან თანაბარი პარტნიორობა გვაქვს. შეგახსენებთ, ზალკალიანი არ წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“. ზალკალიანი, რომელიც იქ შეიპარა და ჩუმად იჯდა, წარმოადგენდა საქართველოს, რადგან ჯერჯერობით ის ელჩია. „ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი იქ არ იყო, ვერც იქნებოდა. გაგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე როცა ჩასული იყო ნიუ ორკში, ის შეეცადა ტრამპთან ან მის გუნდთან შეხვედრას და უარი უთხრეს ამაზე. აქ მოსვლამდე ტრამპის გუნდთან უკვე მქონდა კავშირი და მივულოცე გამარჯვება. სხვათა შორის, ბორის ჯონსონი, რომელიც ჩვენ გვისურვებს წარმატებას, არის ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მხარდამჭერი. ამით ყველაფერი მტკიცდება. ჩვენ არ ვარჩევთ ამერიკას პარტიებით. ჩვენს ხალხს ამერიკისგან აქვს სრული მხარდაჭერა, ამიტომ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება რუსული რეჟიმის ჩამოშორების პროცესი ამის შემდეგ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.