რუსეთის მხრიდან სამხედრო კონფლიქტისთვის მზადებაზე საუბარი დასავლეთზე და აშშ-ზე პოლიტიკურ ზეწოლაზეა გათვლილი.
ამის შესახებ ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" რუსი სამხედრო ექსპერტების განცხადების შეფასებისას აღნიშნა. განცხადებაში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ "რუსული არმია თავის მეზობლებთან კონფლიქტებისთვის მზად უნდა იყოს ".
"რუსეთის მხრიდან საქართველოში რაიმე ფართო მასშტაბიანი აგრესია მოსალოდნელი არ არის, ყოველ შემთხვევაში ამაზე დღევანდელი ფაქტებიც მეტყველებს. ეს განცხადებები კი უფრო პოლიტიკური ზეწოლის ნაწილია, ვიდრე რეალური", - აღნიშნა სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, რუსული მხარის მიერ მსგავსი განცხადებების გაკეთება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეხვედრის ერთგავრი გამოხმაურება იყო.
"სააკაშვილი-ობამას შეხვედრის შემდეგ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველო ამერიკისგან იარაღის შეძენას გეგმავს. ამას კი რუსული მხრიდან მოჰყვა რეაქცია და ისინი აცხადებენ, რომ თუ ჩვენ იარაღს მივიღებთ, მაშინ რუსეთი ომისთვის მზადებას დაიწყებს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სესიაშვილმა.