ცენტრალური საარჩევნო კომისია სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დიაგრამებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, ვრცელდება გარკვეული დიაგრამები და ამ დიაგრამების ავტორების კომენტარები ცალკეულ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკური და ამ უბნებში ხმების გადანაწილების მათემატიკური კვლევის მიგნებების შესახებ.
„ეს მეთოდი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილია და საქართველოში ჩატარებული არაერთი არჩევნები ყოფილა ამგვარი კვლევების ობიექტი, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასეთი კვლევები თავისთავად არაფერს ამტკიცებს და ის მხოლოდ მიუთითებს შესაძლო ანომალიური გადახრების გარკვეულ ალბათობაზე, რისი გათვალისწინებითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაძლოა დამატებით გამოიკვლიოს ე.წ. საეჭვო უბნებზე განხორციელებული აქტივობის მონაცემები.
ამ ტიპის კვლევის მეთოდოლოგიის მთავარი დათქმა გახლავთ შემდეგი:
„თუ კვლევა აჩვენებს სტატისტიკურ ანომალიას, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ადგილი აქვს არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციას. სტატისტიკური ანომალია შეიძლება გამოწვეული იყოს კეთილსინდისიერი ქმედებებითაც, როგორიცაა სტრატეგიული ხმის მიცემა ან ხმის მიცემის სხვადასხვა მოდელის არსებობა რეგიონში“. (Making votes count, Report on the 2016 elections)
ერთი-ერთი ასეთი ფაქტორი, რაც ამ კვლევამ შეიძლება ანომალიად ასახოს, შეიძლება იყოს ამომრჩეველთა ჯგუფის ჩასვლა ურბანული ცენტრიდან რეგიონში ხმის მისაცემად, რაც საქართველოს არჩევნების განუყოფელი ნაწილია და ყველამ იხილა ის მაღალი აქტივობა, როდესაც ხმის მიცემის უფლება 2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გამოიყენა. კანონმდებლობის თანახმად, ყველა ამომრჩეველმა ეს უფლება გამოიყენა მათი რეგისტრაციის ადგილის და არა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სტატისტიკური კვლევის ამ მეთოდს ცალკე არ შეუძლია, დაადასტუროს ან უარყოს არჩევნებში არაკანონიერი მანიპულაციის ფაქტი. სწორედ ამიტომ, ეს მეთოდი გამოსადეგია სტატისტიკური ანომალიების აღმოსაჩენად, რომელიც იმსახურებს შემდგომ ყურადღებას და ის გამოიყენება ისეთი ტრადიციული მეთოდების დამატებით საშუალებად, როგორიცაა პირდაპირი დაკვირვება საარჩევნო უბნებზე, ხმების პარალელური დათვლა და სხვა.
აღსანიშნავია, თავად მკვლევრის განცხადებით, აბსოლუტურად ეჭვგარეშეა დიდ ქალაქებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია ამ არჩევნებისთვის განხორციელებული კვლევის მეთოდოლოგია, გათვალისწინებულია თუ არა კანონმდებლობაში ასახული ხმის მიცემის წესი, გამოკვლეული უბნების რაოდენობა, მათი შერჩევის კრიტერიუმი და რეგიონული გადანაწილება, შეუძლებელია უფრო სიღრმისეული კომენტარის გაკეთება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის მიხედვით, ასეთი კვლევების მეთოდოლოგია, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა მონაცემები განიხილება ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მხოლოდ შემდეგ ხდება საჯარო. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ პირიქით მოხდა“, – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.