თეირანში დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც პროტესტის ნიშნად საჯარო სივრცეში ტანსაცმელი გაიხადა.
თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდოები ირანულ სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით გავრცელდა, 2 ნოემბერს. ვიდეოში ჩანს, რომ გოგონა, რომელსაც მხოლოდ საცვლები აცვია, ქუჩაში დადის და მოგვიანებით ისლამური აზადის უნივერსიტეტის შესასვლელთან ჯდება.
ვრცელდება კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ უკვე ჩაცმულ სტუდენტ გოგონას სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი მამაკაცები მანქანაში სვამენ და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ.
როგორც იუწყებიან, გოგონა პროტესტის ნიშნად გაშიშვლდა მას შემდეგ, რაც მას მორალის პოლიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ და ჰიჯაბის „არასწორად“ ტარების გამო შეურაცხყოფა მიაყენეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებისას გოგონას სცემეს.
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა მოითხოვა ირანის ხელისუფლებისგან, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ძალის გამოყენებით დააკავეს მას შემდეგ, რაც იგი გაშიშვლდა, რათა გაეპროტესტებინა უსაფრთხოების თანამშრომლების ძალისმიერი მოთხოვნა „ჰიჯაბის“ „მართებულად“ ტარების შესახებ.
„დაკავების დროს მის მიმართ ცემისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებები მოითხოვს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
უნივერსიტეტის წარმომადგენლის თქმით, დაკავებული ფსიქიკურად დაავადებული იყო და ის კლინიკაში გაგზავნეს.