26 ოქტომბრის არჩევნები არის მიტაცებული, ამ პროცესში ვერავის ექნება პროტესტის თუ სხვა სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების ექსკლუზივი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ძლიერი საქართველო“ აგროვებს სამხილებსა და მტკიცებულებებს არჩევნების მიტაცების დასადასტურებლად.
„26 ოქტომბრის არჩევნები არის მიტაცებული არჩევნები, ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ეს ნიშნავს, რომ აქ ტოტალურად არის დარღვეული საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლება. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ პოლიტიკური სუბიექტების უფლებები დაირღვა, არამხოლოდ პოლიტიკურ სუბიექტებს მიადგათ ზიანი. აქ არის მასშტაბური მიტაცების სქემა, რომელიც შეეხო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და რომელსაც ექნება მძიმე გავლენა ამ ქვეყნის ბედზე.
შესაბამისად, დანაშაულის სიმძიმიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, ამ პროცესში არავის აქვს და ვერავის ექნება პროტესტის თუ სხვა სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების ექსკლუზივი. ეს არის ყველას პროცესი, რადგან საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესები და უფლებები მძიმედ არის შელახული. მე საერთოდაც არ მიკვირს, რომ საზოგადოებაში არის უდიდესი ბრაზი, პროტესტი. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში, ვაგროვებთ ყველა სამხილს და ყველა მტკიცებულებას, გაშიფრული გვაქვს რამდენიმე მასშტაბური სქემა, თუ როგორ მოხდა არჩევნების მიტაცება. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის შიგნით სამართლებრივი გზების ამოწურვაზე, ასევე, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებასაც ვაპირებთ, რათა საქართველოს მოქალაქეების შელახული უფლებები არ შერჩეს ხელისუფლებას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.