ჩვენ წარმოვადგინეთ გეგმა, ეს არის არჩევნების შედეგების არაღიარება ქვეყნის შიგნით და გარეთ, მწვავე პროტესტი და მტკიცებულებების შეგროვება, რაც გავაკეთეთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტი იქნება მწვავე, უკომპრომისო.
„პროტესტი იქნება მწვავე, ისეთი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. დანარჩენს დაელოდეთ, კიდევ იქნება სხვა განცხადებები. ჩვენ წარმოვადგინეთ გეგმა, ეს არის არაღიარება ქვეყნის შიგნით და გარეთ, ეს არის მწვავე პროტესტი. ეს იყო მტკიცებულებების შეგროვება, რაც ჩვენ გავაკეთეთ. არაღიარების მიმართულებით სერიოზული შედეგები გვაქვს, რადგან დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს ამ შედეგებს. ეს ცალსახად ასეა. გარკვეულ სიტყვებთან დაკავშირებით იყო იქ პრობლემები, ღიად ვიტყვი, ნუ მივაქცევთ ამას ყურადღებას, ორშაბათს, 19:00 საათზე მობრძანდით. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ გავიმარჯვებთ. ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკომპრომისო, რათა საქართველომ ევროინტეგრაცია გააგრძელოს და ეს რეჟიმი მოვიშოროთ ამ ქვეყნიდან.
საერთაშორისო გამოძიებას ვითხოვთ, რადგან შესაბამისი უწყებები თვითონ არიან ჩართული ამ ორგანიზებული დანაშაულის ჩადენაში. მე კონკრეტულ პასუხს ველოდები „ქართული ოცნების“ მხრიდან, არის თუ არა მზად საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიებისთვის და არის თუ არა მზად, იქ დაამტკიცოს ჩვენ მიერ წაყენებულ საკითხებთან დაკავშირებით თავისი მართებულობა. ისინი ამაზე თუ უარს იტყვიან, ეს ცალსახად დასტურია, რომ მათ ფაქტობრივი მასალებით ჩადენილი აქვთ ორგანიზებული დანაშაული“, – განაცხადა ვაშაძემ.