პარლამენტში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დეკლარაციის ხელმოწერით გაიხსნა. კამპანიას გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად ახორციელებს.
კამპანია დღეს პარლამენტში საგანგებო ღონისძიებით დაიწყო. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე და გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე.
როგორც კერვალიშვილმა აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ღონისძიებები იწყება სწორედ პარლამენტიდან, რაც კანონმდებლებს საშუალებას მისცემს კანონში დღემდე არსებული ხარვეზები გასწორებული იქნას და იმედოვნებს, რომ გაეროს დეკლარაციას, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული, საქართველოში მცხოვრები ყველა მამაკაცი შეუერთდება.
აღნიშნულ დეკლარაციას ხელი დღეს პარლამენტშივე მოეწერა. დეკლარაციაზე ხელმოწერები გაგრძელდება.
საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია უკვე რამდენიმე წელია აღინიშნება და მიზნად ისახავს გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის პრობლემების ირგვლივ საზოგადოებრივი ცნობიერების მობილიზაციას. დღეს დაწყებული კამპანია 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ამ ხნის განმავლობაში კამპანიის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ჩატარდება 50-ზე მეტი თემატური ღონისძიება. ასევე დაგეგმილია კონფერენციის ჩატარება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში; საინფორმაციო სესიების გამართვა გენდერის საკითხებზე იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან კარალეთა და წეროვანის ქალთა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ცენტრებში. გარდა ამისა, მოეწყობა კინოჩვენება ქალთა უფლებების თემებზე კინოთეატრ "ამირანში", რომელიც 26 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიმართება.