კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით საარჩევნო უბნებზე მომხდარ დარღვევებზე პასუხისმგებლობა პირადად შსს-ს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ეკისრება.
მისივე განცხადებით, პოლიციელები თავად არღვევენ კანონს, როცა ინციდენტებზე არ რეაგირებენ.
"პირადად გომელაური, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ პოლიცია არღვევს კანონს და არ მოქმედებს მაშინ, როდესაც მას ევალება მოქმედება და ევალება, რომ გააჩეროს მოძალადე ზონდერები, რომლებიც საარჩევნო პროცესს ესხმიან თავს, აყენებენ შეურაცხყოფას დამკვირვებლებს, მედიას. მე მოვუწოდებ კიდევ ერთხელ პოლიციას, რომ განახორციელოს ის ზომები, რომელსაც მას კანონი ავალდებულებს. ასევე, მოვუწოდებ ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მანაც დააფიქსიროს პოზიცია. ეს ძალადობრივი ფაქტები ხდება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ ის უტყუარად ახდენს გავლენას იმაზე, რაც ხდება უბანში და რაც ხდება საარჩევნო პროცესთან მიმართებაში," - თქვა ნაცვლიშვილმა.