"ოპოზიციის მიმართ მოწოდებების ნაცვლად, უმჯობესია კობახიძე და ივანიშვილი შეეგუონ ოპოზიციაში გადასვლას. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ირჩევს ევროპულ კეთილდღეობას", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე საპასუხოდ.
ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ოპოზიციას, აღიაროს ის შედეგები, რომელსაც ცესკო გამოაქვეყნებს.
“ოპოზიციის მიმართ მოწოდებების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა კობახიძე, ივანიშვილი და “ქართული ოცნების” სხვა წევრები ნელ-ნელა შეეგუონ მათი ოპოზიციაში გადასვლის რეალობას, რომელიც აუცილებლად დადგება. ეს არის ნორმალური, დემოკრატიული პროცესი, როდესაც ისინი გადაინაცვლებენ ოპოზიციაში, ხოლო ხელისუფლებაში მოვლენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დააბრუნებენ ევროპული განვითარების გზაზე, რადგან ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა, ეს არის საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნება, რომ საქართველო არ იყოს საერთაშორისო იზოლაციაში და ნაცვლად ამისა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობის შანსი.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.