ყველას მოგიწოდებთ, ორ დღეში შევიკრიბოთ, გადავდოთ ყველაფერი და ეს ისტორიული გამოცდა ჩავაბაროთ ერთად. მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ, ქართულ სულთან ერთად, ჩვენს გულებში ძგერს ევროპული სულიც, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისში, შემაჯამებელ საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 20 წელი ქვეყანას ორი პარტია მართავდა და მისი გუნდის სახით რეალურად გაჩნდა ალტერნატივა, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა და პროგრამა.
„ოცი წელი ამ ქვეყანას ორი პარტია მართავდა, 20 წელი, და ადამიანები აღარ მიდიოდნენ არჩევნებზე, იმიტომ, რომ მათთვის ალტერნატივა არ არსებობდა. ჩვენ შევქმენით ახალი კოალიცია, სადაც გაერთიანდა „ლელო“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“, ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანი“ და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი. ჩვენ შევქმენით ახალი, ნამდვილად რეალური ალტერნატივა „ძლიერი საქართველოს“ სახით. ამ „ძლიერ საქართველოს“ აქვს ძლიერი პროგრამა, „ილიას გზა“. მგონი, ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს ქართველი ხალხისთვის და ამ „ილიას გზაში“ ჩვენ გაწერილი გვაქვს ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ მიგვიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ძლიერ ქვეყანამდე“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ლიდერები სუფთა წარსულით.
„20 წელი ერთი და იგივე სახეები. ამ ქვეყანას სჭირდება ისეთი ლიდერები, რომლებიც არიან სუფთა წარსულით, არ ყოფილან ხელისუფლებაში, აქვთ გეგმა, რომლებიც აიღებენ რისკს და არ მოდიან იმიტომ, რომ დიდი ხანი იყვნენ ხელისუფლებაში. სწორედ ასეთი ადამიანები არიან „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებლები და ლიდერები და სწორედ ასეთ ლიდერებს უნდა მისცეს ჩვენმა ამომრჩეველმა შანსი და დიახ, ეს არის შანსი, რომ ჩვენ ერთად ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა.
ორ დღეში ჩვენ გვაქვს უნიკალური მომენტი, რომ ყველა ერთად წავიდეთ და დავამარცხოთ ამ ქვეყანაში, პირველ რიგში, ნიჰილიზმი, დავამარცხოთ რუსული პოლიტიკა და ყველამ ერთად დავუბრუნოთ ამ ქვეყანას ის არჩევანი, რომელიც გააკეთა ჩვენმა წინაპარმა, ის არჩევანი, რომელიც გააკეთეთ თქვენ, ის არჩევანი, რომელიც გვწერია კონსტიტუციაში და ეს არჩევანი არის ევროპული არჩევანი და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ძირძველი ერი ვართ და სწორედ იმ სივრცეში ვართ ჩვენ გარანტირებულად მშვიდობით, რელიგიის დაცვით, მამულის და ჩვენი ტერიტორიების დაცვით და სტაბილურობით, აი, ეს არის ის ადგილი. ყველას მოგიწოდებთ, ორ დღეში შევიკრიბოთ, გადავდოთ ყველაფერი და ეს ისტორიული გამოცდა ჩავაბაროთ ერთად. მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ, ქართულ სულთან ერთად, ჩვენს გულებში ძგერს ევროპული სულიც“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.